კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ჟურნალის „ცისკარი“ ახალი ნომერი გამოვიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ლიტერატურული ჟურნალის „ცისკარი“ გამოცემას აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის მიზნით, კონკურსს აცხადებდა სსიპ მწერალთა სახლი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამიერიდან მოცემული ლიტერატურული პერიოდული ჟურნალი უშუალოდ სამინისტროს მიერ პირდაპირი დაფინანსებით გამოიცემა.
ჟურნალის ერთი ნომრის გამოსაცემად სამინისტრომ გამოყო 8 870 ლარი, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ამისთვის საშუალოდ 7 000 ლარი იყო გამოყოფილი.
სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და დაინტერესებულ მკითხველს უკვე შეუძლია შეიძინოს ჟურნალის 2022 წლის პირველი ნომერი. ჟურნალის საიუბილეო, 170 წლის თარიღისადმი მიძღვნილ ნომერში მკითხველი გაეცნობა ვახტანგ გურულის საინტერესო სტატიას, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს, სადაც გაანალიზებულია ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისი ეროვნულობასა და პარტიულობის შესახებ. ჟურნალში ასევე დაბეჭდილია როინ აბუსელიძის ლექსები, ნათია კაპანაძისა და ნინო დიღმელაშვილის მოთხრობები. კრიტიკა-ესეისტიკის განყოფილებაში გაეცნობით ნინო დარბაისელი-სტრონის საინტერესო მოსაზრებას პაოლო იაშვილის „დარიანულის“ შესახებ. ნინო სადღობელაშვილის წერილი ეძღვნება ახლად გარდაცვლილი პოეტის, კრიტიკოს-ესეისტისა და გამორჩეული პიროვნების ნუგზარ ზაზანაშვილის ხსოვნას. ამავე რუბრიკაშია დაბეჭდილი გურო დავითლიძის „ორიოდ სიტყვა გურამ რჩეულიშვილზე“.
დრამატურგიის რუბრიკითაა გამოქვეყნებული გიორგი შერვაშიძის პიესა „ასი ათას ერთი“. ასევე მკითხველი გაეცნობა ახალ თარგმანს - ირვინ შოუს „ღმერთი აქ იყო, მაგრამ ადრე დაგვტოვა““, - აცხადებენ სამინისსტროში.