უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს და თავის ტერიტორიებს არ დათმობს.
„ნაციზმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ახალი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. გამარჯვებისკენ მიმავალი გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები თავისუფალი ხალხია, რომლებიც ისტორიაში არაერთხელ იბრძოდნენ საკუთარი მიწის დასაცავად.
„დღეს ჩვენ ვიბრძვით ამ გზაზე და არავის მივცემთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციაში სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი. არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს თავისუფალ ხალხზე ბატონობა. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.