„ვეტერანების დამსახურება ქვეყნის და ზოგადად, კაცობრიობის წინაშე დიდია - სწორედ მათი გმირობით გახდა შესაძლებელი, რომ დამარცხებულიყო ფაშიზმი და გახდა შესაძლებელი, რომ კაცობრიობას ჰქონოდა, განვითარებული მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიკვიძის პარკში განაცხადა, სადაც დეპუტატებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
შალვა პაპუაშვილმა პარკში შეკრებილ ვეტერანებს და მოსახლეობას ფაშიზმის დამარცხების დღე მიულოცა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მსხვერპლზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ მეორე მსოფლიო ომში გაიღო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას, ხოლო მეორე მხრივ - მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ვეტერანებს.
„დღეს ვიმყოფებოდი ერთ-ერთ ვეტერანთან, მერი მაღრაძესთან, რომელიც 103 წლისაა და რომელმაც გამოიარა ომის და ომის შემდგომი პერიოდები. ამ ადამიანების დამსახურება ქვეყნის და ზოგადად, კაცობრიობის წინაშე, დიდია - სწორედ მათი გმირობით გახდა შესაძლებელი, რომ დამარცხებულიყო ფაშიზმი და გახდა შესაძლებელი, რომ კაცობრიობას ჰქონოდა განვითარებული მომავალი. ამ ომში ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი იბრძოდა და დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ ერთის მხრივ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას, და მეორეს მხრივ, ის ცოცხალი ვეტერანები, რომლებიც გვყავს, ჩვენი სიმდიდრეა, მათ უნდა გავუფრთხილდეთ და პატივისცემა და სიყვარული დავუბრუნოთ. მათ საკუთარი სიცოცხლე გადადეს, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახებისთვის და მომავალი თაობისთვის უზრუნველეყოთ შესაბამისი მომავალი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.