logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: შორს არ არის ის დრო, როცა ყველა გურიაში შევიკრიბებით მისივე გაკეთებულ ეზოში მდგარ მრგვალ მაგიდასთან და გავიხსენებეთ ჩვენ საამაყო ბაბუას
- +

9 მაისი. 2022. 15:25

 

 

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორი, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა გამარჯვება მოიპოვა და დაამარცხა ფაშისტური გერმანია. სამამულო ომში საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მეომარი გამოიყვანა 700 000, საიდანაც 1941-1945 წლებში 300 000-ზე მეტმა სიცოცხლე შესწირა გამარჯვებას. ყველა ჩვენგანი ვალდებულია, პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების თავდადებას!

 

ჩემი საამაყო ბაბუის შესახებ მინდა გიამბოთ. შალვა პაიჭაძე 1917 წელს 16 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცმაში დაიბადა (ამჟამად ჩოხატაურის რაიონის სოფელი ჩაისუბანი), აზნაურ ერმილე პაიჭაძის ოჯახში. ერმილე პაიჭაძე პირველი მსოფლიო ომიდან ცალი თვალით დაბრუნდა, კავალერიის ოფიცერი გალიციის ბრძოლისას დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა ავსტრიელებთან. იგი გურულმა სიმღერამ გადაარჩინა. გურული სიმღერების პირველი გრამფირიტა ჩაიწერა ავსტრო-უნგრეთის დედაქალაქ ვენაში. ეს საოცარი ისტორია ცალკე მოყოლის ღირსია. ერმილე სახლში დაინვალიდებული, მაგრამ წმინდა გიორგის ჯვრით გულდამშვენებული დაბრუნდა. სამხედრო ტრადიციებმა თავისი ზეგავლენა იქონია და ბაბუაჩემი შალვა პაიჭაძე, 1937 წელს საკუთარი ნებით სტალინგრადს გაემგზავრა. იქ სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1940 წელს დაქორწინდა ვოლგისპირეთის კაზაკთა ატამანის ქალიშვილზე (მაშინ უკვე რეპრესირებულ) მარია პავლოვნა მედვედევაზე.1941 წლის 7 აპრილს დედაჩემი ვერიჩკა დაიბადა, 22 ივნისს კი ომის დაწყებსთანავე შალვა ფრონტზე გაიწვიეს. პირველ შეტაკებებს სევასტოპოლის ფრონტზე შეხვდა. ავიაგამანადგურებელ У-2 მაჩვენებლებით ჩამორჩებოდა გერმანულ „მესერშმიდტებს“.  მიუხედავად ამისა ყირიმის ცაში შეტაკებისას, დაზიანებული თვითმფრინავის დისლოკაციის აეროდრომზე დასმა მაინც შეძლო. 1942 წელს, სტალინგრადის დასაცავად სურდა წასვლა, სადაც თავისი ოჯახი ეგულებოდა. გენერალ ლესელიძესაც მიმართა, მაგარამ ლენინგრადისკენ გადაისროლეს, სიცოცხლის გზის დასაცავად. ეს ერთადერთი გზა იყო ლადოგის ტბაზე გამავალი, რომლითაც ფაშისტების მიერ ბლოკირებული ლენინგრადი შიმშილს და განადგურებას ებრძოდა. ბებიაჩემმა სტალინგრადიდან ევაკუაცია მოასწრო და სრულიად უცნობ საქართველოში, კასპიის ზღვისა და ბაქოს გავლით მცირეწლოვან ვერასთან ერთად ჩააღწია. თბილსის ვაზგალზე ჩემი დიდი ბებიის ძმის, კეკელიძეების ოჯახი დახვდა. მათივე ინიციატივით დედაჩემი ვერიჩკა პაიჭაძე მაშინდელ საქართველოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს მოანათვლინეს და ისე გაამგზავრეს გურიაში.1943 წლის ბოლოს ბაბუაჩემმა, ლენინგრადის ზეცაში შეტაკებისას გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც ცეცხლმოკიდებული ლადოგის ყინულს დაენარცხა. შემთხვევით, ყინულზე მიმავალი სურსათით დატვირთული ქარავნის, სატვირთო მანქანების მძღოლებმა შეამჩნიეს. სანამ თვითმფრინავი გაპობილი ყინულის ქვეშ ჩაეშვებოდა, ფეხებგადამსხვრეული და გონებადაკარგული შალვას კაბინიდან ამოყვანა მოასწრეს. ასე მოხვდა ბაბუაჩემი ხარკოვის ჰოსპიტალში. შალვა პაიჭაძე, როგორც კი გამოჯანმრთელდა, მალევე დაუბრუნდა თავის სამხედრო შენაერთს. საბჭოთა შეიარაღებული ძალები მაშინ უკვე მესამე რეიხის საზღვრებს უტევდნენ. შალვა პაიჭაძის ესკადრილია აღმოსავლეთ პრუსიაში ბაზირებდა. ხშირად უთქვამს, კენინსბერგის აღებისას გერმანელებს გამოუცდელი პილოტები ჰყავდათ და ადვილად უმკლავდებოდნენ მათ. შეუპოვარი სვლით, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომელთაც ბერლინის დამცავ გერმანულ ავიაციას შეუტიეს, გზა გაუხსნეს მარშალ ჟუკოვის საბოლოო შეტევას და ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას. ბრძოლებში  მამაცობისთვის უამრავი მედლითა და ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო სიცოცხლის გზის დაცვაში გამოჩენილი თავდადებისთვის ლენინგრადის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ჩემმა საამაყო ბაბუმ 95 წელი იცხოვრა, მე-5 თაობას მოესწრო. მისი შვილებისგან ვერა, ლუდა, ეთერი, ვიტალი და დათოს შთამომავლები, შვილისშვილ-შვილთაშვილების ჩათვლით 57 ადამიანს ითვლის. მრავალ ორდენებშემკობილი შალვა პაიჭაძეზე და მის განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე, შეიძლება წიგნები დაიწეროს!

 

მისი თამადობით, ფაშიზმის დამარცხება და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება, ყოველი წლის 9 მაისს განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ჩვენს საახლობლოში. ახლა სხვადასხვა კონტინენტებზე გაბნეულნი ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს ტრადიცია. სიმბოლურია მისი იმქვეყნად წასვლა, მეორე მსოფლო ომის დასასრულის დღეს 8 მაისს. გული მწყდება, რომ ამ დაუსრულებელი დევნილობის გამო ვერ გავაცილე იმქვეყნად და ვერ წავუქცევ ჭიქა ღვინოს მის საფლავზე!

 

 ბაბუის მოსახელესთან, ჩემ ბიძაშვილთან შაკო პაიჭაძესთან ინახება გენერალისიმუს სტალინის მიერ 1946 წელის 9 მაისს ჩატარებული გამარჯვების მარშისას მიღებული ბაბუის კიტელი. მისი გარდაცვალების შემდეგ, მედლები და ორდენები მის შთამომავლებს დაურიგდათ. ახლა დროა, ყველამ შევკრიბოთ და იმ სახელოვან კიტელს დავუბრუნოთ, როგორც ადრე იყო, შევამკოთ მისი გულმკერდი ომგამოვლილი ორდენებით. ისეთი განცდა მეუფლება, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ყველა გურიაში შევიკრიბებით მისივე გაკეთებულ ეზოში მდგარ მრგვალ მაგიდასთან  და გავიხსენებეთ ჩვენ საამაყო ბაბუას!“ - წერს ლევან მამალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner