„ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა, ერთად განვაგრძოთ გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს არა პარლამენტის, არამედ პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„საქართველო ჩვენთვის სანდო მეგობარია, ის არ არის დიდი ქვეყანა. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, 3 მლნ-ია და თქვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია, თუ არ ვცდები, გაცილებით რთულია, თუმცა, ამ დაბრკოლებების მიუხედავად რასაც ვაფასებთ, ისაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატავად. ჩვენზე ძალიან იმოქმედა რეაქციამ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა ომის დაწყებისას. ჩვენ დავინახეთ ეს რეაქცია, როგორ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ეს დავაფასეთ და ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა ერთად განვაგრძოთ გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფორმატზე, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც. პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“, - განაცხადა რადას დეპუტატმა.
IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.