იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხებს, კერძოდ:
ზუსტდება, რომ თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად, მასზე არ გავრცელდება კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იგივე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც;
განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა;
ზუსტდება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი, მათ შორის, დგინდება, რომ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის დადგენის მიზნით, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით კარგად არის დაცული უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებები საქართველოში.
არის სტატუსები მათ შორის, ლტოლვილის სტატუსი, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი სტატუსი, დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ჰუმანიტარული სტატუსი აქედან გამომდინარე „როგორც კი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოში შემოვა და დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას სურს კანონით გათვალისწინებული რომელი სტატუსის მიღება, იმ წუთიდან ის ითვლება მაძიებლად, რაც იმის გარანტიაა, რომ მისი გაძევება, ექსტრადიცია არის დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასეთი ჰუმანურად უდგება ამ საკითხებს, სამწუხაროდ, არსებობს პრაქტიკაში ისეთ მაგალითებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ შეღავათებს და პროცედურებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამ საკითხების მოწესრიგებას ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი.