რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად ხვალ, 11 მაისს, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა, თვალი გადავავლოთ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, იტალიასა და საქართველოს ისტორიული კავშირების ინტენსივობას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას.
ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, მართავს გამოფენას „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“, რომელიც თეატინელ პატრს ეძღვნება. კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა - აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული „დღიური“ შექმნა.
ექსპოზიცია შედგება 50 გრაფიკული ნამუშევრის რეპროდუქციისგან (ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება), რომლებიც ეთნოლოგიური და ისტორიული კუთხით უაღრესად საინტერესოა: კასტელის მიერ ქაღალდზე გაცოცხლებული ადამიანები და ადგილები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს: გამოფენის დამთვალიერებელს ელის ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების პორტრეტები; ასევე, ეკლესიების, ციხესიმაგრეების, ტრადიციული თამაშობების, ყოფითი სცენებისა თუ წეს-ჩვეულებების ამსახველი ნამუშევრები.
გაიმართება კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი სამენოვანი წიგნის პრეზენტაცია (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა და გამოიცა.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
გამოფენის გახსნა: 11 მაისი |18:30
მედია ღონისძიებაზე დაიშვება 18:00 საათიდან.
გამოფენის ხანგრძლივობა: 12 მაისი - 30 ივნისი, 2022
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.