„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.
კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, თავისი არჩეული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, მასწავლებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვოს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით მასწავლებლის მომზადება უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი. ასევე კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ დასაქმების მოტივაცია. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ სტემ საგნებში, სადაც დღეს კადრების გარკვეული დეფიციტი არსებობს.