„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ, გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის Middle Corridor-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მხარეებს შორის აუდიენცია თურქეთის დედაქალაქში გაიმართა. საქართველოს რკინიგზასთან ერთად შეხვედრებში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო და საზღვაო/სანაოსნო კომპანიების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ კარაისმაილოღლუმ გახსნა. მინისტრმა ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანზე საკმაოდ დიდია. მან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის (TMTM) მონაწილე მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და მზარდი მოცულობების შეუფერხებელი მომსახურებისთვის თურქეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. დოკუმენტი ახალი სატრანზიტო ტვირთების მომსახურების გარდა, შუა დერეფნის ცნობადობისა და სანდოობის ამაღლების მიზნით გასატარებელ მარკეტინგულ და სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.