„ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.
მისივე თქმით, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა, აღნიშნული საკითხი სანქციებს დაუკავშირონ.
„ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება. რაც შეეხება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, რადგან ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ელჩს, ევროკავშირის ელჩებს, მათი ანტიდასავლური პოლიტიკა არის მათი ხელწერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.