5-14 აგვისტოს, ბათუმში, მასშტაბური პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project იმართება.
13 აგვისტოს, 21:30 საათზე, ბულვარში, ე.წ. კოლონადებთან, წარმოდგენილი იქნება მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლი „კარმენი“.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარდგებიან.
პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.
9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში კატო ჯავახიშვილის, ნიკა ჯორჯანელის და ზვიად რატიანის პოეზიის საღამოები მოეწყო, 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან“ The Quintessence - ის კონცერტი გაიმართა.
„ქუჩის თეატრის პროექტი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.