ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ იმსჯელეს დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო დაინტერესებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ასპექტებით, რომლის ფარგლებშიც საბჭო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობს. სწორედ, ამ კონცეფციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ქალებისთვის საბანკო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო, უახლოეს პერიოდში, ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატურ მოკვლევას დაიწყებს. შესაბამისად, საბჭო დანიშნავს თემატური მოკვლევის ჯგუფს და მისი შემადგენლობიდან მთავარ მომხსენებელს აირჩევს.
თემატური მოკვლევის პროცესში, ჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის პროექტთან -„ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“.