„არ შეიძლება, მსჯავრდებული რომელიმე დეპუტატის თავდებობით განთავისუფლდეს, ამიტომ მე ამას ვერ შევუერთდები, ეს ერთი და მეორე - ამას აქვს პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც არ მალავენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მე ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. მათი გადასაწყვეტია, როგორ დღის წესრიგის ქმნიან, მაგრამ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, წინაპირობების დაყენება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გაართულებს.
„თუ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი და თუ შეთავაზება არის, მან უნდა მიიღოს ეს სერვისი. წინაპირობების დაყენება გაართულებს იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება. ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ თავის ჯანმრთელობაზე ეზრუნა, მერე დანარჩენზე. თავდებობის გარანტიას კანონი არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა.