„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. ახალი ტურისტული სერვისით სარგებლობა ბაღის ვიზიტორებს ზაფხულში შეეძლებათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის კონკრეტული სივრცე, სრულად პასუხობს ზიპლაინის პრაქტიკულ კრიტერიუმებს.
„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და შ.პ.ს „მწვანე ლაინი“-ს დირექტორმა, გიორგი მერკვილაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, იჯარის უფლებით და განსაზღვრული საზღაურის გადახდის, შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობით, ბოტანიკური ბაღის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე.
ხელშეკრულების თანახმად, შპს „მწვანე ლაინი“, მისი ხელმოწერიდან ასი კალენდარული დღის განმავლობაში, ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ბოტანიკური ბაღის შეთანხმებულ ლოკაციაზე უზრუნველყოფს არანაკლებ ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობას, მოწყობისათვის საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებას და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის კონკრეტული სივრცე, სრულად პასუხობს ზიპლაინის პრაქტიკულ კრიტერიუმებს, ამასთან, რეგიონის სინამდვილეში ახალი, მსგავსი სერვისის გაჩენა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, თავის მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული ტურისტული სერვისი, ბაღში მოიზიდოს ვიზიტორთა დაინტერესებული სეგმენტი, რაც ბოტანიკურ ბაღს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.