საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას, აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს აფთიაქებში თურქულ წამალს არ აძლევენ და ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენას სთავაზობენ.
„როდესაც ადამიანი აფთიაქში შედის და ამბობს, „თურქული წამალი მომეცით“, ეუბნებიან: „ახლა გათავდა, არ გვაქვს, აიღეთ ძვირიანი წამალი“. ხომ არ სჯობს, რომ შექმნათ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ ფაქტებს შეისწავლის? ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის მონაყოლი ამბავი“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ დააანონსა რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, დაახლოებით 15 მილიონი ლარი გადაიხადა.