„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ არის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი; ნუთუ ფიქრობენ, რომ საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონა რომ არის, „ნაციონალური მოძრაობა“, ამათი მხარდაჭერით შეძლებენ ისეთი გავლენის მოხდენას საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გვაიძულონ ომში ჩავერთოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი ზეწოლა არ ყოფილა არც ერთი ქვეყნის მიმართ, რადგან სხვა სახელმწიფოებში არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტიები, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი ქვეყანა გაწირონ.
„დღეს ხდება ძალიან სერიოზული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ როგორმე საქართველო გახდეს კონფლიქტის ნაწილი და ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს. თუნდაც ის აუხსნელი გაწვევა ელჩის საქართველოდან. მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა და რუსეთმა მოილაპარაკეს რომ ერთდროულად უნდა დაწყებულიყო საომარი მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, რომ უნგრეთს აქვს პრეტენზიები უკრაინის წინააღმდეგ და ხელს უწყობს რუსეთს და ამ დროს გაწვევა ხდება ელჩის საქართველოდან და არა უნგრეთიდან. ეს ფაქტებია; ჯარი ბელორუსიიდან შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე და ამ დროს ელჩის გაწვევა ხდება საქართველოდან და არა ბელორუსიიდან. როდესაც ამ ფაქტებზეა საუბარი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რატომ არის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ნუთუ ფიქრობენ, რომ საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონა რომ არის , „ნაციონალური მოძრაობა“, ამათი მხარდაჭერით შეძლონ ისეთი გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გვაიძულონ ომში ჩავერთოთ. ასეთი ზეწოლა რომ არ იყო მოლდოვაზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, არ იყო რადგან, იქ ასეთი ომის პარტიები არ არიან, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ.
ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული განცხადებები არის ცალსახად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ და მოწონება იმ პოლიტიკის რასაც ვაკეთებთ. თუმცა გვესმის სხვა ტიპის განცხადებებიც. არ ვიცი, ამ სხვა განმცხადებლების უკან ვინ დგას. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ პოლიტიკურ ველზე. ესაა იან კელი, რომლის განცხადებებიც მიუღებელი და უცნაური იყო ამ ომში ჩართვის კონტექსტში. ასეთი იყო ბატონი დევიდ კრემერის განცხადებები, რომელიც ხშირად გვამახსოვრებს თავს როგორც „ნაცმოძრაობის“ ღია მხარდამჭერი და მისი განცხადებები ამ ომთან დაკავშირებით იყო მიუღებელი“, - განაცხადა სუბარმა.