logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, დასავლეთი გააგრძელებს სანქციებს
- +

11 მაისი. 2022. 21:14

 

 

 

უკრაინაში მიმდინარეობს სრულიად არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ომი, რომელმაც უკრაინას უდიდესი ნგრევა მოუტანა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლეტმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„აშშ-ს მიდგომა ამ კრიზისისადმი ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ძალისხმევის სამ მიმართულებას მოიცავს, რათა ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინელები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, ამიტომ მხარდაჭერა, პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი, რომლებიც შემაძრწუნებელ ტანჯვას განიცდიან. მეორე მიმართულება გულისხმობს, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეების გაძლიერებას და იმ ქვეყნების გაძლიერებას, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ რომ, ისინი თავდაცვისუნარიანი იქნებიან კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში. ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ და აშშ-ის პრეზიდენტი მკაფიო იყო თავის გზავნილებში, რომ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ასევე, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც ლტოლვილთა უზარმაზარ ნაკადებს იღებენ. იცით, რომ 5 მილიონზე მეტი ლტოლვილია უკრაინიდან, რაც ყველაზე დიდი ნაკადია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და მესამე და ასევე მთავარი საკითხი, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რუსეთის დასჯასა და იზოლაციაზე. რუსეთი ახლა სერიოზული სანქციების წინაშეა, ვნახეთ, რომ ასობით მსხვილმა კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი. დღეს რუსეთი იზოლირებულია მსოფლიოში და მისი სამხედრო რესურსები მცირდება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ სამივე მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მკაცრი პასუხი გავცეთ რუსეთს“, - განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველის თქმით, უკრაინამ საკუთარი მომავალი თავად უნდა აირჩიოს.

 

„ჩვენთვის მიზანი ძალიან ნათელია. ეს არის უკრაინის დახმარება დაიცვას საკუთარი ტერიტორიები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რომ თავად აირჩიოს და განსაზღვროს საკუთარი ბედი მომავალში. სწორედ ამ გზაზე მხარდაჭერაა აშშ-ის მოქმედების იდეაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს დავინახოთ ამ ომის დასრულება უფრო ადრე, ვიდრე გვიან, იმ უზარმაზარი სირთულეების გათვალისწინებით, რაც უკრაინელ ხალხს რუსეთმა მიაყენა. რუსეთმა გამოაცხადა საკუთარი მიზნები, რაც უკრაინის სუვერენული ქვეყნის გაუქმებას გულისხმობს. ამას უკრაინელები არ მიიღებენ და ეს ის საკითხია, რომელსაც აშშ-ი არ მიიღებს. უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. სანქციებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა რუსეთის ეკონომიკა, ასევე დააზიანა რუსეთის უნარი მოახდინოს მთავარი ტექნოლოგიები საკუთარი ინდუსტრიისთვის . მრავალი ბიზნესი გავიდა რუსეთიდან, ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესებმა დატოვეს რუსეთი, რადგან რუსეთი ცუდი ინვესტიციაა. მე ველი, რომ ეს გაგრძელდება, ამ საშინელი ომის ფონზე. თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, დასავლეთი გააგრძელებს სანქციებს“, - განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner