ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.
ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.
ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც, 2014 წლიდან, გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245 653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.