საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოში ომის დაწყებაზე საუბარი, ქვეყნის მტრობაა.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა.
სარჯველაძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა.
„მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის მტრულად განწყობილია საქართველოს მიმართ. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელი ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს ინტერესების მტრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.