„მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად“, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ.
„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს პიროვნება არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი, მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა, ვნება მიაყენეს. მერე ჩვენი ამ მოქმედებით ნუ დავაყრით ამ იარებს მარილს და კიდევ ნუ გავამწვავებთ. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ. მერე მოწინააღმდეგე როგორ დავთრგუნოთ, ბიუჯეტი სახლში როგორ წავიღოთ, ნათესავები როგორ დავნიშნოთ თანამდებობებზე, ყველა ხელისუფლება ამით იყო დაავადებული, მაგრამ ივანიშვილმა ეს კულმინაციაზე აიყვანა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.