შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტებმა ჯავახეთის, ლაგოდეხის, ალგეთის, ვაშლოვანისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგები ჩაატარეს. აღნიშნულ ტრენინგებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 12 ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გაივლის.
ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მათ შორის, ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედების წესს, ხანძრის გაჩენის თავიდან აცილებისათვის ზოგად მანევრებს, ევაკუაციის ინსტრუქციებს, ცეცხლმაქრის სწორი გამოყენების ინსტრუქციას და სხვა.
სწავლება ხორციელდება პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლსაც კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით რეგულარულად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.