“ეს არის ძალიან მსხვილი მასშტაბის დავა, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანაში და ერთ-ერთი საკვანძო იურისდიქციაა ბერმუდას კუნძული. ბერმუდაზე მიმდინარე დავამ განაპირობა ის არსებითი გარდატეხა ამ დავაში, როდესაც ინიციატივა პრაქტიკულად ჩვენს ხელში გადმოვიდა,” - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა. ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
„გასული წლის ბოლო (ბერმუდას მონაკვეთი) დაგვირგვინდა 5-კვირიანი საჯარო მოსმენით, სადაც რამდენიმე ელემენტმა იჩინა თავი. პირველი, ეს რა თქმა უნდა იყო, მთელი გუნდის სინქრონული მუშაობა. ასევე უნდა აღვნიშნო ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოწმის როლში უზადო გამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწმის ჩვენებას. ბატონი ივანიშვილი ეცადა ფაქტების საკუთარი აღქმა მაქსიმალური სიმართლითა და გულახდილობით მიეტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მომენტი, რამაც განაპირობა წარმატება, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც საშუალება მისცა იურიდიულ გუნდს, რომ გარკვეული სამართლებრივი კარკასი მოერგო და მოსამართლეს გამოეტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უკვე 29 მარტს. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად ყველა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, ბერმუდას პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. ჩვენ ვედავებოდით საბანკო ჯგუფის ისეთ სტრუქტურას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ჩვენ ძალიან რევოლუციულიუ და გაბედული სარჩელი ჩამოვაყალიბეთ და მოხარული ვარ, რომ მოსამართლემ სწორად შეისმინა და მანაც გაბედული ნაბიჯი გადადგა თავისი მხრიდან“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მან გადაცემაში ასევე თანხაზეც ისაუბრა. „კონკრეტულად ამ ქვეყნის იურისდიქციას აქვს 1 უცნაური თვისება: მოსამართლე მსჯელობს ფაქტის სისწორეზე და სამართლის ნორმის გამოყენებაზე, მაგრამ ის არ მსჯელობს თანხის ოდენობაზე. მას შემდეგ, რაც ის განსაზღვრავს, რომ ფაქტი არის უტყუარი, ის ავალებს მხარეთა საექსპერტო ჯგუფებს, რომ დაიანგარიშონ გარკვეული ფორმულის მიხედვით. აქაც ჩვენი წარმატება იყო 100%-იანი. თანხა არის 607 350 000, ეს მეორე მხარემ მიიღო, როგორც უტყუარი კალკულაცია და რამდენიმე დღის წინ მხარეთა ექსპერტებმა ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რომ ეს თანხა დამტკიცდეს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.