“მას შემდეგ, რაც ბერმუდას გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, Credit Suisse-ს აქციები გაუფასურდა,” - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომ ოპონენტს აგრძნობინო რეპუტაციული ზიანის ტკივილი.
„ვფიქრობ, რომ ბანკი ამას კარგად გრძნობს, რადგან ჩვენ საკმაოდ ფართო ფრონტით გვაქვს გაშლილი პიარული საქმიანობა. იგივე ბერმუდას გადაწყვეტილება რომ გავიხსენოთ, მას შემდეგ, რაც ბერმუდას გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, Credit Suisse-ს აქციების გაუფასურება მოხდა. ეს ისეთი მუდმივი პროცესია, რომელიც მარტო ჩვენთან არ არის შემხებლობაში, არამედ არის აქციონერების მხრიდან შეკითხვა, მაკონტროლებლების შეკითხვა, რა ხდება, რატომ განიცდის ბანკის აქციები ასეთ პუნქტუაციას. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ბერმუდას გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ბანკმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი თვითაღიარებისკენ, როდესაც თავის საჯარო განცხადებაში თქვა, რომ 550 მილიონის დარეზერვებას ახდენს. ეს არის ღია სააქციო საზოგადოება და ის ვალდებულია ყველა პასივზე, ყველა ვალდებულებაზე აქციონერებისა და საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს. გაუთვალისწინებლობა რეპუტაციული რისკებისა, რაც მზარდი ტემპით ვითარდება, ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამის უგულებელყოფა შეუძლებელია. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, სინგაპურზე როდესაც მორიგი გამარჯვების მოლოდინში ვართ, ბანკის ადგილზე მე დავფიქრდებოდი, რადგან სინგაპურის გამარჯვების შემდეგ ბანკის ვითარება ბევრად უფრო გაუარესდება. ალბათ, ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე, მაგრამ ეს უკვე მათი კომპეტენციაა და იმედია, კომერციულ ყისმათს გამოიჩენენ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.