logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სიამოვნებით შევუერთდები ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას, თუ ამის საჭიროებას ვინმე დაინახავს - შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ხალხის განწყობა
- +

13 მაისი. 2022. 01:52

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სიამოვნებით შეუერთდება“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას, თუკი მას ვინმე დააორგანიზებს.

როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ამ შემთხვევაში, აქციით მოხდებოდა იმის ჩვენება, როგორია ივანიშვილის მიმართ ქართველი ხალხის განწყობები და დამოკიდებულება.

„მე არ მსმენია აქციის შესახებ, თუმცა შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მაქვს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას.

მსოფლიო პოლიტიკაში დღეს არსებობენ გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ეს აშკარად იგრძნობა, რომ კი, საქართველოში ომი უნდა გამოცხადდეს იმიტომ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა რუსეთის დასასუსტებლად, მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ დავუშვათ ეს ასეა. არ იფიქროთ, რომ არესტოვიჩის ან დოლგოვის და ვიღაცების განცხადებებია და ასე თავისთავად სიზმარივით გაჩნდა, ვინ კარნახობს ამას, ეს შეიძლება პრობლემური იყოს.

არსებობს გარკვეული გარემოებები, რომელიც განაპირობებს უცნაური დამთხვევების არსებობას, როდესაც ბანკი კუთვნილ თანხას არ გირიცხავს ერთი თვის განმავლობაში ან კუთვნილი ქონების გადატანაზე თანხმობა ფერხდება. ღმერთმა ქნას, გვეშლებოდეს და არავითარი წინაპირობა არ იყოს და ვიღაც კლერკის შეცდომის ბრალი იყოს, მაგრამ ეს ასე არ მგონია, რომ იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, პირადად ის რამდენად ხედავს, ივანიშვილისთვის თანხის ჩარიცხვის შეფერხების თაობაზე შვეიცარიული ბანკის პოზიციის უკან ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ამას ცალკეული ანალიტიკოსი მიიჩნევს, სარჯველაძის თქმით, ის ამას ნამდვილად ვერ იტყვის.

„მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამერიკასთან ბმა აქვს ამ ყველაფერს. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა. პრაქტიკულად არავითარი წინაპირობა არ მაქვს, ვთქვა, რომ ამერიკული გავლენაა ამ ყველაფერში, - აღნიშნა სარჯველაძემ.

თუმცა, მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი საქართველოში საომარი მოქმედებების გაჩაღებასთან დაკავშირებით და ამის ერთადერთი წინაღობა „ქართული ოცნებაა“ და „ამის პირდაპირი აფილირება ხდება ბიძინა ივანიშვილის სახელთან“.

„ამ წუთას გამიჭირდება თქმა, მაგრამ ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესი, რომ საქართველოში ვინმეს აიძულონ გადაწყვეტილების მიღება საომარი მოქმედებების გაჩაღებასთან დაკავშირებით. რა შეიძლება იყოს წყარო? ადამიანები, ვინც პედალირებდნენ იძულების ასეთი მეთოდების გამოყენებას. შეიძლება არიან პოლიტიკოსები, არამოქმედი, მაგრამ წარსულში პოლიტიკოსები, ვერ გეტყვით, მაგრამ ამას რომ ნათელი უნდა მოეფინოს და ცხადი უნდა გახდეს, ამაში დარწმუნებული გახლავართ.

დიახ, დღეს შეიძლება არსებობდნენ მსოფლიოში ძალები, რომელთაც მიაჩნიათ სწორად და ამის არაერთი დასტური გაგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი და თვლიან ასევე იმას, რომ დღეს ერთადერთი წინაღობა ომის დაწყების არის „ქართული ოცნება“ და ამის პირდაპირი აფილირება ხდება ბიძინა ივანიშვილის სახელთან და ისინი თვლიან, რომ საქართველოში ომი რომ გაჩაღდეს, ეს არის სტრატეგიული მიზანი ვინმესი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად და სწორედ ამიტომ იწვევს ეჭვებს ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის კანონიერი უფლების შეფერხება.

„როდესაც სრულიად კანონიერი, ლეგიტიმური, ლეგალური, ლოგიკური საფუძვლის გარეშე ბიძინა ივანიშვილს რაღაც შეფერხებები ექმნება მისი ლეგიტიმური და კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, როგორიცაა მისი კუთვნილი თანხების განკარგვა, თან იმ ფონზე, როდესაც წინაპირობაც არ აქვს არავითარ სანქციას, ლეგიტიმური არცერთ შემთხვევაში არ არის ხომ? რაც არ უნდა შეთქმულების თეორიებით ვილაპარაკოთ, არ არსებობს გამართლება ამ შეფერხების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner