შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ რუსთავის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
აღინიშნა, რომ განსაზღვრულ ვალდებულებებს საწარმოების უმეტესობა შემუშავებული გეგმის მიხედვით ახორციელებს.
„მოქმედი კანონმდებლობა საწარმოებს ავალდებულებს განახორციელონ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი და აღჭურვონ საწარმოები შესაბამისი მოწყობილობებით, რაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს. საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ უკვე განხორციელებული ღონისძიებები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გარკვეული პროგრესი, თუმცა დაწყებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სრულად; საწარმოებმა უნდა შეასრულონ კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ჩვენ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მარიანა მორგოშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ასოციაციის წევრი კომპანიები კანონმდებლობით არსებული ვალდებულებების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
„კომპანიები აღსრულების ეტაპზე არიან და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში უკვე ფაქტობრივად ყველა კომპანიას ექნება დანერგილი ახალი სისტემა, რის საფუძველზეც საწარმოები გარემოსდაცვით ნორმებში ჩაჯდებიან“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.
ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების უმეტესობას ვალდებულებების შესრულება დაწყებული აქვთ. მეწარმეები მჭიდროდ თანამშრომლობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქ რუსთავში, საწარმოების მონიტორინგი რამდენჯერმე განახორციელა, რომლის ფარგლებში, ოთხი მსხვილი კომპანია შემოწმდა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და დაწესებული ვალდებულებების შესწავლა მოხდა.