logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით სახელმწიფოებრიობის განვითარებაში
- +

14 მაისი. 2022. 14:26

 

 

„ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, თამარის ეპოქა და შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

 

„მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თამარობას, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

 

წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა.

 

ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.

 

რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner