„ჩვენ, საქართველოს მთავრობამ 24 ძალიან დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი. სწორედ ასე დავამარცხეთ დუმილი. როდესაც გვჩაგრავენ, როდესაც გვცემენ, როდესაც არის ოჯახში ან ოჯახს მიღმა ძალადობა, დუმილი აღარ არის წესი. ეს სწორედ სტამბოლის კონვენციამ და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი, ამიტომაც სულ ახლახან, ბატონ ირაკლი კობახიძის ლიდერობით, პარლამენტმა მიიღო კვოტების შესახებ კანონი. ძალიან ხშირად შემოქმედი ქალები მეკითხებიან, როგორც იურისტს, მათ ამჟამინდელ სამინისტროს ხელმძღვანელს, კი მაგრამ რისთვის არის ეს კვოტები საჭირო?! ეს კვოტები, ნორმალურ მდგომარეობაში საჭირო რასაკვირველია, არ არის. მაგრამ ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება და მე, როგორც ქალი წევრი ამ პარტიის, ყველა წევრ იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.
შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, რაში გჭირდებათ კვოტები, თქვენ ხომ უკვე ხართ ვიცე-პრემიერ მინისტრი, თქვენ ხომ უკვე ხართ პარლამენტში, თქვენ ხომ უკვე ხართ საკრებულოში, უკვე ხართ მერი. ჩვენ ეს კვოტები მაინც გვჭირდება. ჩვენ ეს კვოტები გვჭირდება ახალგაზრდა ქალებისთვის, ვინაიდან მაინც პოლიტიკა ქალებისთვის დახურულია. რაც არ უნდა იყოს პარტიაში სულისკვეთება კანონი ყველაზე დიდი გარანტიაა. ამიტომაც ჩვენ, ჩვენმა პარტიამ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარები და მე მართლაც არ დავიღლები, რომ ვთქვა მადლობა. ეს კვოტები ჩვენ გვჭირდება და ამ კვოტებს გამოიყენებს ყველა ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემოვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.