NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა.
ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.
აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.
ცერემონიას წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობით ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.
სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.
„დანიას ჰქონდა პატივი, დღევანდელ დღეს ეროვნული გვარდიისთვის აღჭურვილობა გადაეცა. ახალი აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას შესაძლებლობას მისცემს დაეხმაროს და მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სტიქიური მოვლენების მართვის დროს. ახალი აღჭურვილობის გამოყენება მომავალში ბევრად უფრო გააუმჯობესებს ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების შესაძლებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული დონაცია, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ეროვნული გვარდიის ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა“, - განაცხადა კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენიმ.
„დღეს მნიშვნელოვანი ფაქტის მომსწრენი გავხდით - საქართველოს ეროვნულ გვარდიას გადაეცა ძალიან მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რომელიც ეროვნულ გვარდიას ბუნებრივი კატაკლიზმების დროს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებასა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება. ამიტომ მე, როგორც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, ამაყი და მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მომიწვიეს, რათა დავსწრებოდი აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიას“, - აღნიშნა NATO-ს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესიმ.