საავადმყოფოდან გამოსულმა „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა მასზე თავდასხმის მოტივებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმის მოტივებთან დაკავშირებით სპეკულაციებს არ აპირებს.
„რაც შეეეხება მოტივს, სპეკულაციებს არ დავიწყებ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების დასკვნები, უკვე საბრალდებო დასკვები, მოტივაციები და ვერ მივბაძავ მათ „მჭევრმეტყველებაში". გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს მოტივიც. გამოძიება არ იქნება დასრულებული, საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - არა ჩემთვის, ბუკა პეტრიაშვილისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, მომავალში რომ აღარ მოუვიდეთ თავში აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ.
როდესაც ადამიანს თავის, საფეთქელის არეში აყენებენ ჩაქუჩით რამდენიმე დარტყმას, ასევე დაზიანებას მუცლის ღრუში და სხვა მიმართულებით ხდება 5 გასროლა მიბჯენით, ამავე დროს კი გრძელდება „მუშაობა" ჩაქუჩით და ბეისბოლის „ბიტით", ეს არის ცალსახად მკვლელობის მცდელობა. მე არ ვარ იურისტი, ამას იურისტები მისცემენ შესაბამის კვალიფიკაციას და იმედია, გამოძიება დროულად მივა ბოლომდე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.