„უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ და უზრუნველყოს ქვეყნის საინფორმაციო და პოლიტიკური მხარდაჭერა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა.
„როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. ეს არ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენკენ, უკრაინის მიმართ. ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად და ყოველდღე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.