logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით პირუთვნელი სიმართლე დაადგინა
- +

16 მაისი. 2022. 13:33

 

 

„სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო, მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი, ობიექტური და ლოგიკურია. გადაწყვეტილება სრულად არის დაცლილი პოლიტიკისგან და მყარ მტკიცებულებებს ემყარება, სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით პირუთვნელი სიმართლე დაადგინა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას.

 

მისი თქმით, ნიკა გვარამია იმ დანაშაულის გამო დაისაჯა, რომელიც ჩაიდინა და არა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

 

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დასრულებამდე (რამდენიმემ დასრულების შემდეგ) განცხადება გაავრცელა, ისინი ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას გმობდნენ და ალოგიკურს უწოდებდნენ. ვერ დავეთანხმები მათ პოზიციას, რადგან ნიკა გვარამია იმ დანაშაულის გამო დაისაჯა, რომელიც ჩაიდინა და არა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები აქცენტს გვარამიას ჟურნალისტურ საქმიანობაზე აკეთებენ და არა მისი დანაშაულის სამართლებრივ შეფასებაზე, რაც მათ მიკერძოებულობას ადასტურებს.

 

დღეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ჭარბად არის, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის/გამოხატვის უფლება, ასევე, უამრავი ჟურნალისტია, რომელიც ნიკა გვარამიაზე მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა, მაგრამ მათ არავინ არ დევნის, რადგან დანაშაული არ ჩაუდენიათ. მედიის თავისუფლება მაშინ იზღუდებოდა, როდესაც ქვეყნის სათავეში გვარამია და სააკაშვილი იყვნენ, მათი პირადი გადაწყვეტილებით უამრავი არხი დაიხურა („მზე“, „იმედი“, „იბერია“ და ა.შ.). ახალი ხელისუფლების პირობებში სატელევიზიო არხების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დახურვით კი არცერთი არ დახურულა.

 

ყველა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყანაში დაცულია კანონის უზენაესობა, კანონი არის ყველასთვის ერთი და არავინ დგას კანონზე მაღლა. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილმა მანკიერი ტრადიცია დაამკვიდრა, გარკვეული ადამიანები კანონზე მაღლა იდგნენ, დღეს კი კანონი ყველასთვის ერთია და დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად აგებს პასუხს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner