„ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ სამივე ქვეყანაზე რეკომენდაციები ერთდროულად მოამზადოს და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები იქნება ორგანიზაციაში დისკუსიის გასამართად“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ „ქრონიკის“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განუცხადა.
„რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს და მათ შორის ევროკომისიაში კითხვარზე წარსადგენი პასუხების მომზადებაშიც.
ვფიქრობთ, საქართველოს ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ევროკავშირშია, რადგან ეს სახელმწიფოები ეკუთვნიან ევროპას და ევროპულ ოჯახს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ რეკომენდაციების მოამზადოს სამივე ქვეყანაზე ერთდროულად და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები იქნება ორგანიზაციაში გასამართი დისკუსიისთვის. ვფიქრობთ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის პროცესის დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება მნიშვნელოვანი პროცესის. ამ ქვეყნებს სჭირდებათ რეფორმების გეგმა. ამის შემდეგ უკვე პროცესში მყოფ თითოეულ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული ამ გზის გავლა. რუმინეთი მზადაა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. სამივე ქვეყანამ უკვე შეავსო ევროკავშირის კითხვარი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ევროპულ საბჭოს უნდა გადაეგზავნოს.