ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის მორიგ სხდომაზე ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია.
„დაზიანებული გზების და კრიტიკული მონაკვეთების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ასევე, სახიდე გადასასვლელების და სანიაღვრე არხების მოსაწყობად, უკვე დავიწყეთ მუშაობა და ჯამში 11 მილიონი ლარის საპროექტო წინადადებები მომზადდება. პროექტების მომზადებისთანავე, დაიწყება დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეტაპობრივად ეს ყველაფერი მოწესრიგდება. როგორც იცით, უკვე დავიწყეთ ქ. ოზურგეთში ანასეულის გზის სამშენებლო სამუშაოები. მალე ვიწყებთ ნინოშვილის და მალაზონიას ქუჩების ნაწილის, მათ შორის პირველ საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მაკვანეთი-ლიხაურის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები. საზოგადოებას დავპირდით და უკვე მზადდება პროექტებიი ქ. ოზურგეთში ნინოშვილი-მოსკოვის და მალაზონია-ბაქრაძის ქუჩების სრული რეაბილიტაციისთვის. ცხემლისხიდში სოფ. უჩხუბში, ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით კვლავ გვექნება სიახლეები რაზეც შემდეგ სხდომებზე მოგაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა იქნება.
„ზრუნვა ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის იგეგმება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მთისპირში. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება შემოქმედის საბავშვო ბაღში და მოხდება დაბა ნასაკირალში ხანძრის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის განახლება. ამ მიმართულებით სიახლეებს შემდეგ სხდომებზეც გაგიზიარებთ. 1 ივნისიდან საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი 20 %-ით გაიზრდება“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.