logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: როგორ გათქვა გიგილო გამოგიგილოებულმა „ნაცმოძრაობის“ ფარული ოცნება?
- +

16 მაისი. 2022. 14:50

 

 

- სააკაშვილს წამლავენ! სააკაშვილს აწამებენ! სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ! - დიდი ხანია, ასეთი საგანგაშო ლოზუნგები ისმის სააკაშვილის მხარდამჭერებისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, „ემპათიისგან“, სახალხო დამცველისგან, „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიებიდან.

 

მიადგებიან ამ ლოზუნგებით შეიარაღებული მხარდამჭერები რუსთავის ციხეს, დადგებიან სააკაშვილის საკანთან და რაც შეიძლება ხმამაღლა, ისე, რომ პატიმარმა კარგად გაიგონოს, ხმაშეწყობილად სკანდირებენ, რომ სააკაშვილი კვდება.

 

ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ფსიქოლოგს ჰკითხეთ, რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე ასეთი მიზანმიმართული ზეწოლა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ადვილად დაიჯეროს, რომ მართლაც ძალიან ცუდად არის, რომ მართლაც კვდება და გარედან ნაკარნახევ „ინსტრუქციას“ დაემორჩილოს და დაჰყვეს.

 

ცოდვას ვერ დავიდებ და იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ამას გააზრებულად, შეგნებულად აკეთებენ სააკაშვილის გულშემატკივრები, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაც ჯგუფმა, რომელიც იდეოლოგიურად წარმართავს ამ საპროტესტო აქციებს, შესანიშნავად იცოდეს, რასაც აკეთებს.

 

ბევრისგან თქმულა, ბევრჯერ თქმულა და მეც გავიმეორებ: თუ ვინმეს კატეგორიულად ხელს არ აძლევს, სააკაშვილს რაიმე დაემართოს ციხეში, ეს არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, თუმცა ნაციონალები სწორედ ხელისუფლებისკენ იშვერენ თითს და სააკაშვილის მოკვდინების მცდელობაში მას ადანაშაულებენ, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

 

თუმცა არსებობს სხვა ლოგიკა, რომლის მიხედვითაც თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირიქით არის ეს ყველაფერი და მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ცოცხალი სააკაშვილი მძიმედ სათრევი ტვირთია, მაგრამ მკვდარი სააკაშვილი ხსნა და შველაა, მაშველი რგოლია, რომლის წყალობითაც ეს გაკოტრებული და ჩასაძირად განწირული ორგანიზაცია შეიძლება გადარჩეს და მისმა მოქმედებებმა ახალი მოტივაცია და გააქტიურებისთვის საჭირო ახალი მუხტი შეიძინოს.

 

პიროვნულად შეიძლება არც „ნაცმოძრაობაში“ უნდა ვინმეს სააკაშვილის გარდაცვალება, მაგრამ პოლიტიკა ისეთი სასტიკი საქმეა, რომ შეიძლება ძალიან მძიმე და არაადამიანური ზრახვები აღგიძრას გონებაში.

 

გიგი უგულავამ, რომელიც ბოლო ხანებში სააკაშვილის ფანატიკოს მხარდამჭერად იქცა, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ფაქტობრივად, გაშიფრა ის გეგმა, რომელიც სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება მთელი სიმძლავრით აამუშაოს.

 

უგულავამ, რომელიც თავისი ექსცენტრიკული ხასიათის წყალობით, ხშირად კარგავს წონასწორობას და ისტერიკაში ვარდება, ამჯერადაც ვერ შეიკავა თავი და პირდაპირ განაცხადა, რომ, თუ სააკაშვილის ციხიდან მკვდარს გამოასვენებენ, ისიც და სხვებიც მზად არიან, ხელისუფლებას შუა საუკუნეების მეთოდებით გაუსწორდნენ.

 

- ძალიან მძიმე ნათქვამი ხომ არ არისო, - ჩაეკითხა ჟურნალისტი, რომელმაც, როგორც ჩანს, უგულავას განცხადებაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდების ნიშნები დაინახა.

 

- აბა, როგორ გინდათ, კბილი კბილის წილ, როგორც ხელისუფლება გვებრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით, ჩვენს ისე უნდა ვებრძოლოთ... შვილები ჰყავთ, შვილიშვილები ჰყავთ, აქ ცხოვრება არ უნდათ? - ბობოქრობდა უგულავა და ღიად ემუქრებოდა ხელისუფლებას ანგარისშწორებით.

 

უგულავას განცხადების მიხედვით ნათლად იკვეთება შემდეგი სურათი: აზვირთებული, აბობოქრებული, ჭკუიდან გადასული მასა, წინ წამძღვარებული სააკაშვილის კუბოთი, როგორ მიემართება სახელმწიფო სტრუქტურების დასარბევად და ხელისუფლების დასამხობად.

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ძალას აუცილებლად დაუპირისპირდება და მის შეჩერებას შეეცდება მეორე ძალა - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მრავალრიცხოვანი საზოგადოება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე და რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

 

არეულობა, ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირება, უმართავი პროცესები - აი, ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ნაცები ოცნებობენ და რასაც, ბოლოს და ბოლოს, აიხდენენ, თუ გაუმართლათ და სააკაშვილი ციხეში მოკვდა.

 

მკვდარი სააკაშვილი - ეს არის ის ბოლო „კაპიტალი“, რაც ნაციონალებს მარაგში შემორჩათ.

 

მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ მოარული ხმები იმის შესახებ, რომლებიც დროგამოშვებით ვრცელდებოდა საზოგადოებაში.

 

ამ ხმებს თუ დავუჯერებთ, ნაციონალები სწორედ მსხვერპლშეწირვით აპირებდნენ მოსახლეობის აღშფოთების გამოწვევას და აზვირთებული მასების ქუჩაში გამოყვანას.

 

არავინ იცის, მართლა არსებობდა თუ არა ასეთი გეგმები, თუ ეს ყველაფერი «ნაცმოძრაობის» ოპონენტების მიერ გამოგონილი ვერსიებია, თუმცა, „ნაცმოძრაობის“ ბუნებიდან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული, ვიღაც-ვიღაცების ტვინში მართლა მოხარშულიყო ასეთი სატანური სიუჟეტები.

 

ზემოთჩამოთვლილ ვერსიებთან შედარებით, ის, რაც გიგილოს წამოსცდა, ყველაზე ეფექტურია.

 

მართლაცდა, სად გვარამია, სად გაბუნია და სად სააკაშვილი - სულ სხვადასხვა მასშტაბებია, დიამეტრულად განსხვავებული მნიშვნელობის ფიგურებია.

 

ღმერთმა ნუ ქნას და, სააკაშვილს რაიმე რომ დაემართოს, ეს შეიძლება მართლაც გახდეს დიდი არეულობის და დიდი სკანდალის მიზეზი, რაც შესანიშნავად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და, გამომდინარე აქედან, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა შეუნარჩუნდეს, თუმცა სააკაშვილი პირიქით იქცევა და ასევე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყეს - არ იღებს ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების ნაწილს, არ იკვებება ექიმების მიერ რეკომენდებული რაციონით, მიმართავს სიმულაციებს, რითაც, ფაქტობრივად, ასრულებს იმ დაკვეთას, რასაც მისი მხარდამჭერები გარედან კარნახობენ - ცდილობს, დაარწმუნოს ყველა, რომ მართლაც კვდება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ თუ არ წაიყვანენ სასწრაფოდ, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს.

 

ცხადია, ეს ურთიერთშეთანხმებული თამაშია, თუმცა სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ მის გადასარჩენად წამოწყებულ ამ თამაშში ყველაზე მეტად თვითონ ზარალდება.

 

ამ თამაშ-თამაშში სააკაშვილმა და მისმა კეთილისმყოფელებმა იმდენი ქნეს, რომ საზოგადოება დაარწმუნეს: სააკაშვილს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეს ამბავი კი მომავალში  მძიმე დარტყმას მიაყენებს სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, კარიერას.

 

საქმე საქმეზე რომ მიდგეს, აუცილებლად დაისმება კითხვა: რა უნდა ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს პოლიტიკაში? როგორ შეიძლება ასეთ პიროვნებას ხალხის და ქვეყნის ბედი ვანდოთ?

 

ასე რომ, მიშას ფანები, სინამდვილეში, ცუდ საქმეს უკეთებენ თავიანთ ბელადს, რომელიც არც თავად აკლებს ხელს, რომ, რაც შეიძლება მეტად „გაიბანძოს“ თავი.

 

დიდი ალბათობით, მიშას მძიმე ავადმყოფობის ამბავი იმისთვის არის შეთხზული, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან გაათავისუფლონ და რომელიმე უცხო ქვეყანაში გადაიყვანონ. თუ ეს მოხდა, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს „მომაკვდავი“ კაცი უცებ არ გამოჯანმრთელდება და რომელიმე ტრაილერით კვლავ არ შემოიპარება საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ან სულაც მეორე ფრონტის გასახსნელად.

 

რაც შეეხება გიგილოს, ყურადღებით უსმინეთ ამ კაცს. დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ბევრ საინტერესო და საიდუმლო ამბავს გააჟღერებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner