„ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება. ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თითოეულ პროექტზე საპროექტო წინადადებები მომზადებულია და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
უკვე დაიწყო დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია, სრულად განახლდება მრავალბინიანი კორპუსების იერსახე ჯერ ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ კი ფარნავაზის ქუჩასა და სხვა ლოკაციებზე. გამოცხადდა ტენდერი ქალაქში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც კორტების თანამედროვე კომპლექსს და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ოზურგეთში პროექტის დასრულების შემდგომ შევძლებთ ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ტურნირებს.
საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მალე წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას, თუ როგორი იქნება ოზურგეთის ცენტრალური მოედანი. ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ქალაქს ულამაზესი მთავარი მოედანი ექნება, რომელიც ტრადიციულ და ყველა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს, ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება. ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად განახლებული თეატრი, უკვე ქალაქს აძლევს იმის საშუალებას, რომ მის წინ მთელ სივრცეში ისეთი მოედანი მოვაწყოთ, როგორიც ევროპულ ქალაქს შეეფერება.
დღესვე გამოცხადდება ტენდერი ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის და რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე. ქალაქს კიდევ ერთი, კომფორტული და თანამედროვე მწვანე სივრცე და სკვერი ექნება.
უკვე დავასრულეთ პროექტირება და სანაპიროს ქუჩაზე რეკრეაციული ზონის სრულფასოვანი განვითარება მოხდება - მასთან ერთად, საპროექტო წინადადებები მომზადებულია ექადიის ტყე-პარკის განვითარების მიზნით, სადაც უნიკალური ეკოსისტემა გვაქვს - ეს სივრცე დაცული, მოვლილი და სრულად მოწესრიგებული იქნება.
ასევე, მზად გვაქვს ახალი პროექტი ჭადრების პარკის და პეტრიწის ქუჩაზე მდებარე პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის. პროექტი მრავალწლიანი ნარგავების სრულად დაცვით განხორციელდება და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე გვექნება“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.