სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორჩოკის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვას, ისევე, როგორც უკრაინას, რუსული საფრთხის წინაშე არიან და აუცილებელია, დასავლეთი ამ ქვეყნების ევროპულ მომავალზე ვალდებულებას იღებდეს.
„უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით, მე დაბრკოლებას ვერ ვხედავ. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს ევროკავშირში ხვალვე გაწევრიანებას. გაწევრიანებისთვის მოკლე გზა არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ნათელი სიგნალი, რომ ვიცავთ უკრაინას და კანდიდატის სტატუსი იქნება მორალური ე.წ. ბუსტერი. უკრაინაში ხალხი იღუპება და მინიმუმი, რაც შეგვიძლია უკრაინას მივცეთ, კანდიდატის სტატუსია. ამ გადაწყვეტილებით უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ისინი იხდიან ძალიან მაღალ ფასს. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და ეს იმის ახსნაა, თუ რატომ ვართ ფოკუსირებულები უკრაინაზე და მათ შორის უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე. ისინი იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მომავალზე ვალდებულებას არ ვიღებთ. მათ ასევე ემუქრება რუსეთის ფედერაცია. საქართველომ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ძლიერი მხარდამჭერია სლოვაკეთი“, - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.