სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
წალენჯიხის ოპოზიციური ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი ვადების დარღვევის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ჩავარდნის წინაშე დადგა, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამოინახოს გზები, რომ მოსახლეობამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით სარგებლობა შეძლოს და ის პროექტები განხორციელდეს რაც სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა აირჩიეს.
„მოსახლეობა არის გაწბილებული ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ეხება სოფლის პროგრამების თანხის დაკარგვას, რასაც ადგილი ჰქონდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაგრამ საუბრისას ჩვენ განვუმარტეთ მათ, რომ აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი ინფორმირებულია და მისი გადაწყვეტილებით მიდის მუშაობა, რომ გამოინახოს გზები და მოსახლეობამ მიიღოს სარგებელი. მინდა დავამშვიდო ადგილობრივები და განვუცხადო მათ, რომ საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით და მართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს, რათა მიუხედავად იმ ძალიან დიდი შეცდომებისა, რამაც გამოიწვია სოფლის პროგრამების თანხების დაკარგვა მუნიციპალიტეტებისთვის, ეს თანხები ათვისებულ იქნას. გამოინახება გზა და სოფლის მოსახლეობა ამ სარგებელს აუცილებლად მიიღებს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 644 ათასი ლარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდიან გამოეყო, მუნიციპალიტეტს კი მისი დამტკიცება 1 მაისამდე უნდა მოეხდინა. თუმცა მერიამ საკრებულოს დაგვიანებით 2 მაისს მიმართა, საკრებულომ კი 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ მოახერხა. ზუგდიდის შემთხვევაში კი მერიამ საკრებულოს ვადების დაცვით 14 აპრილს მიმართა საკრებულომ კი მისი განხილვა არსებულ ვადებში ვერ მოახერხა.