logo_geo
eng_logo
წავიდა არმაზ სანებლიძე!
- +

16 მაისი. 2022. 23:09

 

 

წავიდა არმაზ სანებლიძე!

 

მარადისობაში გადასახლდა პიროვნული და პროფესიული თვალ-მარგალიტებით მოოჭვილი ქართველი კაცი და ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც ქართულ ტელე და რადიომაუწყებლობაში საკუთარი ეპოქა შექმნა, ბეჭდურ მედიაში კი თავისი დახვეწილი კალმით დიდი და ნათელი კვალი დატოვა!

 

რამდენ ხანსაც ქართული ჟურნალისტიკა იარსებებს, იმდენ ხანს გაანათებს და გაათბობს მას არმაზ სანებლიძის გამოსხივება! თავად არმაზ სანებლიძეს კი მისი ცხოვრების უკანასკნელი 36 წლის განმავლობაში საბედისწერო გამოსხივების მძიმე ნაკვალევი სდევდა, გამოყოლილი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნობილიდან, რომლის ატომური ელექტროსადგურიდან 1986 წლის 26 აპრილს სიცოცხლისთვის სახიფათო რადიოაქტიური ნივთიერებანი ამოიფრქვა.

 

არმაზ სანებლიძე მაშინ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და თავისუფლად შეეძლო, საბჭოთა იმპერიაში მომხდარი ატომური კატასტროფის გასაშუქებლად თბილისიდან ჩერნობილში რომელიმე კორესპონდენტი გაეგზავნა, რათა თავიდან აერიდებინა პროფესიული მოვალეობის შესრულება იქ, სადაც ეს სასიკვდილო საფრთხესთან ან, უკეთეს შემთხვევაში, ჯანმრთელობის უმძიმეს დაზიანებასთან იყო დაკავშირებული! მაგრამ ის არმაზ სანებლიძე გახლდათ – რაინდი არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ პროფესიაშიც და არ შეეძლო არ მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა – დიახ, მან არა რომელიმე თანამშრომელი, არამედ საკუთარი თავი ჩააგდო საფრთხეში და პირადად გაემგზავრა სიკვდილის ზონაში, საიდანაც წამოიღო ეპოქალური მნიშვნელობის ჟურნალისტური ნადავლი და რადიაციული დასხივების დიდი დოზა, რამაც მისი ჯანმრთელობა სამუდამოდ შეარყია.

 

ალბათ, სიმბოლურია, რომ არმაზ სანებლიძის უკანასკნელი პროფესიული ვალდებულებაც ჩერნობილთან იყო დაკავშირებული – ორიოდე კვირის წინათ ატომური ელექტროსადგურის აფეთქების 36 წლისთავთან დაკავშირებით, „ასავალ-დასავალისთვის“, სადაც მან არაერთი ნაყოფიერი წელიწადი გაატარა, პუბლიკაცია უნდა მოემზადებინა, მაგრამ ჯანმრთელობამ ამის საშუალება აღარ მისცა!

 

ეს იყო პირველი და ერთადერთი პროფესიული ვალდებულება, რომელიც არმაზ სანებლიძემ მისი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ვერ შეასრულა!

 

თუმცა, 86 წლის არმაზ სანებლიძე ამ ქვეყნიდან პირნათლად ვალმოხდილი წავიდოდა! პირნათლად ვალმოხდილი საქართველოსა და ქართული ჟურნალისტიკის წინაშე, ოჯახის წინაშე, კოლეგების წინაშე, მეგობრების წინაშე! პირნათლად ვალმოხდილი, როგორც კაცი და როგორც ჟურნალისტი!

 

რადიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მომწამლავ ულუფასაც არმაზ სანებლიძე 36 წლის განმავლობაში საკუთარი ორგანიზმით დაატარებდა, ნახევარდაშლის მრავალწლიანი პერიოდი გააჩნიათ, მაგრამ ნახევარდაშლას არ ექვემდებარება ღირსება, წესიერება, ნამდვილი ინტელიგენტობა, ნიჭიერება, თავმდაბლობა და სიყვარულის უნარი, რომლის განსახიერებაც არმაზ სანებლიძე გახლდათ!

 

დიახ, ესენი მარადიული სამშვენისებია, რომლებიც მარადისობაში გადასახლებულმა არმაზ სანებლიძემ სააქაოს დატოვა, ვითარცა სახელმძღვანელო ქართველი კაცებისა და ქართველი ჟურნალისტებისთვის, მათ შორის, ჩვენთვის – მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის, რომელთა გულწრფელი ცრემლის მდინარეც მას უკეთესი სამყაროსკენ მიაცილებს!

 

მშვიდობით, ჩვენო არმაზ!

 

შენი სულის ეპიტაფია ახალი არმაზის ბილინგვა იქნება, რომელიც ორ ენაზე – ქართველი კაცისა და ქართველი ჟურნალისტის ენაზე – მუდამ შეგვახსენებს. იცხოვრა ისე, როგორც უნდა იცხოვროს ნამდვილმა კაცმა! იღვაწა ისე, როგორც უნდა იღვაწოს ნამდვილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა!

 

მამაზეციერმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მსუბუქი ჰყოს შენთვის სამშობლოს მიწა, რომელიც იყავი და რომლადაც მიიქეცი!

 

 

ლაშა ნადარეიშვილი,

ჯაბა ხუბუა,

ნუგზარ ფოფხაძე,

გიორგი მამაცაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner