logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მშვიდობით, მეგობარო!
- +

16 მაისი. 2022. 23:24

 

 

რა თქმა უნდა, გამოსათხოვარი შემეძლო ახლიდან დამეწერა, მაგრამ ვიფიქრე, ჯობს ისევ ადრინდელი...

იმიტომ კი არა მოსაგონარი ნაკლები მაქვს... იმდენი რამ შემიძლია გავიხსენო, რომ...

ჯერ კომკავშირი, სტუდენტთა განყოფილება და დედაუნივერსიტეტი... "ახალგაზრდა კომუნისტი"...

შვიდი წელი ერთად ვზიდეთ ჭაპანი ტელერადიოკომიტეტში. ჩემი წასვლის შემდეგ ის გახდა თავმჯდომარე და თითქმის სამი წელი ატარა ეს ვეებერთელა ტვირთი, მავანს რომ დღესაც ნამეტნავად მსუბუქი ჰგონია. თანაც რა დროს, ჩინელების წყევლისა არ იყოს, შენ იცხოვრე გარდაქმნების (ცვლილებების) დროსო...

კლინიკაში დაწოლამდე, წინა დღეს, წიგნები გამომიგზავნა-რეზო გაბრიაძის საიუბილეოდ განახლებული და გამოცემული. ეს ჩვენი მორიგი(!) ერთობლივი (მისი, როგორც ავტორის და ჩემი, როგორც რედაქტორის) ნამუშევარი... შევთანხმდით მომავალ გეგმებზე და...

ეს ზარი და კონტაქტი უკანასკნელი აღმოჩნდა... ისევე, როგორც მისი დაბადების 86-წლისთავისადმი მიძღვნილი ეს განმეორებითი პუბლიკაცია. (ემოციებით სავსე ამ წერილში არც არაფერი შემიცვლია)

 ადრინდელია ეს გულწრფელი პუბლიკაცია. გავიმეორებ იმიტომ, რომ მაშინაც, მანამდეც, დღესაც იგივეს ვფიქრობ, იმავე გრძნობებით - სიყვარულით და პატივისცემით ვარ გამსჭვალული, ვიმედოვნებ, მის 100-წლამდე ასე გაგრძელდება. უკეთესად ვეღარც დავწერ.

 

 

„18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა! 84 წლის გახდა ბატონი არმაზი, ჩემი უფროსი კოლეგა და ხუთ ათეულ წელზე მეტი  ხნის მეგობარი.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის, ისევე, როგორც ამ ბოლო ოცი წლის ქართულ ჟურნალისტიკას ვერც კი წარმოიდგენ ამ გვარ-სახელის გარეშე.

შეგახსენებთ იმ მედიასტრუქტურებს, რომლებსაც თავკაცობდა ბატონი არმაზი: გაზეთები-„მოლოდიოჟ გრუზიი“ და „ახალგაზრდა კომუნისტი“, საქართველოს ტელერადიოკომიტეტი, გაზეთი„საქართველოს რესპუბლიკა“...  მართლაც რომ საამაყო სტრიქონებია მის ბიოგრაფიაში.

და მიუხედავად  ამ რანგის ხელმძვანელობის პრაქტიკისა, მას ერთი წუთითაც (არც მაშინ და დღესაც) არ შეუწყვეტია რეპორტიორისა და პუბლიცისტის ("ასავალ-დასავალი", "საქართველო და მსოფლიო") შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ნამოღვაწარი ბარე 30-ზე მეტ წიგნად არის თავმოყრილი.

რისკიანი კაცია სანებლიძე. თანაც, როცა საქმე პროფესიულ პრინციპებს ეხება, საკმაოდ ჯუტი. მიუხედავად აკრძალვისა (მისი "ბოსი" როცა ვიყავი), მაინც მოახერხა და „გაშპა“ ავღანეთში, მონახა ქართველი მეომრები და იქედან ამაღელვებელი რეპორტაჟები ჩამოიტანა. თუმც კრინტი არ დაუძრავს იმ სახიფათო მომენტებზე, რაც თავს პირადად გადახდა. შემდეგ კი გავიგე, რომ ბედმა, იღბალმა „გმირულ სიკვდილს“ გადაარჩინა...

ვიმეორებ, მიუხედავად ცეკას ხელმძღვანელობის მინიშნებით "უარისა", ასევე, „თავი ამოჰყო“ ჩერნობილში, იქაც ჩააკითხა ქართველ ვაჟკაცებს და... მერე სისტემატურად ვაიძულებდი პროფილაქტიკის გავლას, რამეთუ ამ მივლინების დროსაც არ იყო გამორიცხული „აეკიდებინა“ რადიაცია...

ღვთით ბოძებული აქვს შემოქმედის ნიჭიერება. პოეტია! მისთვის "მოპარულ" სტრიქონებზე, პოპულარული სიმღერაც კია შექმნილი. ფანტასტურად შრომისმოყვარე! დაუღალავი! სულით სპორტსმენი! ერთერთი პირველი კარატისტი! ამ ბოლო დროს ცოტა „წაიწუწუნა“, თორემ უამინდობის დროსაც კი ცურავდა ღია აუზში. ფანტასტურად ყურადღებიანია! არ ავიწყდება მეგობრის საზრუნავი, პრობლემა, სატკივარი... კარგი მამა, მეუღლე, სიმამრი, ბაბუა... რაც ჩამოვთვალე იმის ნახევარიც კი საკმარისია მისადმი პატივისცემის, მოწიწების, სიყვარულის და ერთგულებისთვის.

და როგორც ერთხელ (როცა „მეგობრებად“ ვითვლებოდით), გამოჩენილმა საბჭოთა პოეტმა ჯ. ჩარკვიანმა გაგვაერთიანა ერთ ტერმინში - „ნუგზარმაზარი“ სიყვარულით ვულოცავ, მივესალმები ჩემს უახლოეს მეგობარს და დღეგრძელ სიცოცხლესთან ერთად ხელხვავიან შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ.“

 

P.S.: ამ ბოლო წლებში არაერთი უახლოესი მეგობრის, მათ შორის უსათნოესი მეუღლის მოულოდნელი დაკარგვით, ბატონმა არმაზმა უმძიმესი დარტყმა და ტკივილი გადაიტანა. გაუძლო ვაჟკაცურად, როგორც მის შეუპოვარ ბუნებას ჩვევია.

გაშოროს ტკივილი და სევდა, არ მოგკლებოდეს სითბო, სიხარული და სიყვარული, ჯანის სიმრთელე და გონების სინათლე, ძმაო არმაზ! მაგრად სდექ!

და ბოლოს: ფეისბუქი არ აქვს და კომენტარის გარდა ვისაც პირადად, თქვენი „სირინოზის ხმით“ მილოცვის სურვილი გაგიჩნდეთ, გაწვდით მობილური ტელ. ნომერს: 599............

გაძლევთ პირობას, ვერც სახალხო დამცველი და ვინმე ოდიოზური ტიპი საპროტესტოდ კრინტსაც ვერ დაძრავს."

 

 

P.S.2: ეს ბოლო აბზაცი საგანგებოდ დავტოვე, მხოლოდ მობილურის ნომერი ამოვიღე.

მაშინ ბევრმა გამოიყენა და მილოცვის ზარებით "აიკლეს" იუბილარი... იმდენმა ადამიანმა გამოხატა სითბო, რომ იმხელა სიყვარულის და პატივისცემის გამო ღირდა მოეგო ბოლო ბრძოლა სიცოცხლისთვათვის, მაგრამ...

როგორც ფრანგები ამბობენ: "სე ლა ვი!" (ასეთია ცხოვრება!)

მშვიდობით, მეგობარო!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner