„რუსთავი 2“-ის თემა წინააღმდეგობებით არის სავსე და ყველას თავისი პოლიტიკური გადმოსახედი აქვს, მაგრამ ნეიტრალური და ობიექტური ხედვაც უნდა გამოვიმუშაოთ. თუ, საქმეს პოლიტიკურ იარლიყებს მოვაშორებთ და საქმის შინაარსს გავყვებით, ეს უფრო მეტად დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი. ყველა ნიუანსი არც მე ვიცი, არც თქვენ და არცერთმა რესპონდენტმა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, -განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’ 2015 წლიდან იყო მიტაცებული და მისი კანონიერი მფლობელ ქიბარ ხალვაშს დავა ჰქონდა საკუთარი წილების დასაბრუნებლად.
„რუსთავი 2“ რეიდული ტიპით წართმეული იქნა მისი მფლობელისთვის. 2015 წელს ქიბარ ხალვაშმა დაიწყო დავა ტელეკომპანიის წილების დაბრუნებაზე. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. ეს, კიდევ ერთხელ, მანიშნებელია იმის, რომ სასამართლო პროცესები არ მიმდინარეობს ტელეფონის ზარის ქვეშ. სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება არის სწორი და კანონიერი. შესაბამისად, ეს თემა, უნდა დახურულიყო.
ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დახურვა. რომ ეს უნდა გახდეს ალამუტის ციხე. ახლა აზოვსტალია, მაშინ ალამუტი იყო. მოკლედ, იგივე რიტორიკა გვესმის, რა რიტორიკაც გვესმოდა,’’ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ასევე, ქადაგიშვილმა ისაუბრა იმ სქემის შესახებ, რა სქემითაც მაშინდელი ,,რუსთავი 2’’-ის ხელმძღვანელობა მოქმედებდა.
„მიტაცების შემდეგ, რომ დაინახეს, შესაძლებელი იყო რეალურად დაეკარგათ კონტროლი რუსთავი 2 ზე, რადგან რეალური იყო მიტაცება, დაიწყეს კომპანიის გაკოტრება. ანუ, იქიდან თანხის გადმოსროლა, მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში, სადაც 7 მლ ლარამდე თანხა არის გადარიცხული და კიდევ, მანქანაზე, რომელიც 300 ათასი ლარი ღირს. ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია,’’ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.