„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად, სწორედ „რუსთავი 2-ის“ საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისინი, ვინც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ძარცვაში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან.
„გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდოიურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი - როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს. კიდევ ერთი ციტატა, ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სანდრო გირგვლიანის საქმეზე: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „რუსთავი 2-ის“ მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.