საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და იტალიის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე მასშტაბური საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, ევროპულ უსაფრთხოებას და ქმნის ჰუმანიტარული კატასტროფის რისკს.
ელჩმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა.
„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს წვლილი უკრაინისთვის გაწეული დახმარების საკითხში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნება, რომ საქართველო არ იქნება გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან ასარიდებლად. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ხალხის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას“, - განაცხადა დიპლომატმა.
ელჩმა, საქართველოსა და იტალიას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე, პატივს სცემს საქართველოს სტრატეგიას და მშვიდობაზე დაფუძნებულ ევროინტეგრაციის ძალისხმევას“, - განაცხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.