„ჩვენი საზოგადოების ერთსულოვანი გზავნილია, რომ ჩვენ ველით სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩვენ, მოლდოვასა და უკრაინას მოგვენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იმყოფება ბრიუსელში და ხვდება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მინდა აღვნიშნოთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრიც გუშინდლიდან იმყოფება ბრიუსელში და მას ჰქონდა შეხვედრები თავის კოლეგებთან. ეს შეხვედრები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ და ვუთხრათ თუ რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ უკანასკნელ წლებში, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების გზით. ჩვენ ასევე გვინდა ყველას ვუთხრათ, რომ თუ შევადარებთ სხვა ასპირანტ ქვეყნებს, საქართველო ბევრად წინ არის ამ რეფორმების კუთხით და ჩვენი საზოგადოების ერთსულოვანი გზავნილია, რომ ჩვენ ველით სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩვენ, მოლდოვასა და უკრაინას მოგვენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მხრიდან იმის შესახებ, რომ თუ საქართველო განაგრძობს ამ გზით სიარულს, განახორციელებს რეფორმებს და დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ევროკავშირის წევრობისათვის არის გაწერილი, ის გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთი პოლიტიკური სიგნალის მიღება ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში, და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში არსებული ძალიან მძიმე უსაფრთხოების ფონზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩვენი განაცხადის კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული“,- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.