logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე - ჩავხსნათ ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, აშშ ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?
- +

18 მაისი. 2022. 01:49

 

 

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს; შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

 

სარჯველაძის თქმით, რელევანტურია, რომ როდესაც საქმე ოპოზიციურ ტელევიზიას ეხება, შეკითხვები გაჩნდეს, თუმცა არგუმენტი არ არის ის, რომ „ვიღაცას სასამართლოს ხელისუფლების ავკარგიანობასთან დაკავშირებით ეჭვი აქვს“.

 

„როდესაც რომელიმე დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ქვეყანაში ვარაუდებს და შეშფოთებას გამოთქვამს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან საქმე ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიას ეხება და ამ დროს შეშფოთება, შესაძლოა, რელევანტურია. პოლიტიკურად მოტივირებული არის თუ არ არის, კითხვის ნიშნები რომ ჩნდება და ამაზე ადამიანი უნდა დაფიქრდეს, არავინ კამათობს, მაგრამ შემდეგ ამტკიცო რომ ეს ასეა, მაშინ ან არასწორ ფაქტებს ეყრდნობი ან უნდა იცოდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალწარმოების ნაკლოვანება არსებობს. სხვაგვარად, მხოლოდ ის, რომ ვიღაცას ეჭვი აქვს ჩვენი სასამართლოს ხელისუფლების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, არგუმენტი არ არის. ეს ხომ ერთბაშად არ ხდება და ვიდრე კარგი სასამართლო გვექნება, მანამდე უნდა დაიკეტოს სასამართლო? თუ ვინც ოპოზიციურად განწყობილია, არასდროს პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

 

10 წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლების გასაუმჯობესებლად გაკეთდა იმდენი, რამდენიც შესაძლოა საქართველოს მთელ ისტორიაში არ გაკეთებულა. უკუსვლით რომ ატარებდნენ მართლმსაჯულებას, იქიდან დაწყებული, მოყოლებული 2012 წლის ბოლოდან, საქართველოში არასდროს რომ არ გაკეთებულა, იმხელა რეფორმები გატარდა თავისი 4 ტალღით. დიდი პროგრესი მოხდა ქართულ მართლმსაჯულებაში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი. განცხადების თანახმად, „თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner