logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან ენის მოჩლექით საუბარია საჭირო, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია
- +

18 მაისი. 2022. 13:30

 

 

„არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. მას აქვს კონსტიტუციური უფლება და გამოიყენებს კიდეც, რომ ეს განაჩენი გაასაჩივროს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი.

 

„განაჩენი ამბობს ასევე, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს არა პირობითობის მიხედვით, არამედ ციხეში. შესაბამისად, ის იქნა დაკავებული სასჯელის მოხდის მიზნით, ეს არის სამართლებრივი რეალობა. არ გამიკვირდება, რომ ის პირები, ვისთანაც თავის დროზე ჩვენ დავას ვაწარმოებდით სტრასბურგის სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების სხვა, კერძო კომპანიაში გადატანით იყო დაკავებული.

 

„ფაქტები არის მაგალითად ის, რომ როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდით, მე პირადად ვხედავდი, რომ ნიკა გვარამია, როგორც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, რომელიც კერძო კომპანიაა, დაკავებული იყო, როგორც ამას სალაპარაკო ენაზე ვუწოდებთ ხოლმე, კომპანიის კუთვნილი თანხების სწრაფი ტემპით გადაქაჩვით მის მიერვე დაფუძნებულ კერძო კომპანიაში. ის არის ყოფილი პროკურორი, ის ჩემსავით კარად ხვდებოდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს სტრასბურგში ვერ მოიგებდა, ამიტომაც ის იყო თანხების გადაქაჩვით დაკავებული „რუსთავი 2“- დან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში. ეს არის ფაქტი და რეალობა, ამისთვის მიესაჯა ის, რაც მიესაჯა. როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ შვიდი მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად. მე „რუსთავი 2“-ს ვუსურვებ ამ თანხების როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიტაცებულიო“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner