logo_geo
eng_logo
მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამუზეუმო სფეროს რამდენიმე სიახლე გააცნო
- +

18 მაისი. 2022. 18:30

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებს მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა და საზოგადოებას სამუზეუმო სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რამდენიმე ინიციატივის შესახებ აცნობა.

 

ბრიფინგს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი, სსიპ ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია და გიორგი ჩიტაიას  სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი.

„გვსურდა, რომ წელს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს კიდევ უფრო დიდი სიახლეებით შევხვედროდით, ვიდრე ეს შარშან, სამინისტროს შექმნიდან ორი თვის თავზე შევძელით. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, სწორედ დღეს გავუზიაროთ საზოგადოებას  რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე სამუზეუმო სფეროსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

 

 „ეს სიახლეებია:

 

 

  1. კულტურის სამინისტროს ინიციატივით, იწყება ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს რემონტი ბოლოს 2002 წელს ჩაუტარდა. ამასთან, მიმდინარე წლის 30 აპრილს, საცხოვრებელი შენობის სახურავს, რომლის მეორე სართულზეც ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგების ლიკვიდაციასა და სახურავის აღდგენაზე ამჟამად მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. რაც შეეხება საკუთრივ სახლ-მუზეუმსა და სივრცეს, სადაც ცნობილი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მას რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მიერ ავთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდება. ამჟამად მიმდინარეობს ექსპონატების შეფუთვა და დროებით ფონდებში გადატანა.

 

  1. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) დაბრუნდება 2006 წელს გაუქმებული თბილისის ისტორიის ამსახველი გამოფენა-ექსპოზიცია. ამ მუდმივმოქმედი ექსპოზიციის აღდგენის მიზნით, შედგენილია და მუშაობას იწყებს კონცეფციის სამუშაო ჯგუფი. შედეგად, „ქარვასლაში“ მოეწყობა თბილისის ისტორიის ამსახველი განახლებული მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც ასახავს თბილისის უძველესი დასახლებების პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდამდე დედაქალაქის ისტორიას. ამგვარი ექსპოზიცია არა მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის იქნება საინტერესო, არამედ ის ასევე შიდა და საერთაშორისო ტურიზმის ინტერესებს უპასუხებს და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი გახდება პედაგოგებისთვისაც. ინფორმაციისთვის, 1984 წლიდან 2006 წლამდე, მუზეუმში წარმოდგენილი იყო თბილისის ისტორიის ამსახველი გამოფენა, რომელიც ასახავდა ენეოლითის ხანიდან 1921 წლამდე დროის მონაკვეთს. 2006 წელს, თბილისის ისტორიის მუზეუმის ეროვნულ მუზეუმთან გაერთიანების შემდეგ, აღნიშნული ექსპოზიცია მოიშალა უკეთესი და თანამედროვე ექსპოზიციის მოწყობის საბაბით, რაც დღემდე არ განხორციელებულა. მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად, 2013 წელს, გახდა შესაძლებელი დაკეტილი საექსპოზიციო სივრცის გახსნა და დროებითი გამოფენის მოწყობა სახელწოდებით - „თბილისი - მრავალეთნიკური ქალაქი“. თუმცა, ამჟამინდელი ექსპოზიცია მხოლოდ XIX – XX საუკუნეების თბილისურ ყოფას ასახავს.

 

  1. კულტურის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები ირაკლი ფარჯიანის ფონდის ეგიდით შესაბამის უცხოურ კომპანიებთან და 3 მაისს ხელი მოეწერა იმ ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო დანადგარების შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზება. ამგვარი მომსახურება დღეს საქართველოში არ არსებობს. ხელშეკრულების ღირებულებაა 1 375 000 ლარი. ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენილ კორპუსში განთავსდება. აღჭურვილობის შეძენის პარალელურად, რომელიც 7 თვეში უნდა დასრულდეს, იწყება ლაბორატორიისათვის საჭირო საკადრო რესურსის მომზადება/გადამზადება.

 

  1. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ე.წ. 80-იანი წლების შენობის ორი სართულის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს უკვე შევძლებთ ეს თანამედროვე სივრცეები გავხსნათ და მოვინახულოთ. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორ სართულს (1200 კვ/მ). ეს სივრცე პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან სამუზეუმო სტანდარტებს, როგორიცაა: დამთვალიერებლების, პერსონალისა და სხვა პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, კოლექციების უსაფრთხოება და დაცულობა, კომფორტი და შესაბამისი პირობები დამთვალიერებლისთვის, სათანადო სამუშაო პირობები პერსონალისთვის, და სხვ. გარემონტებულ სივრცეებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების დონეები, მოძრაობის სენსორები, სიგნალიზაციისა და დისტანციური მეთვალყურეობის სისტემები, დეტექტორები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ელექტრომომარაგების ფუნქციები, არქიტექტურული პარამეტრები. რეაბილიტირებული ორი სართულიდან 200 კვ/მ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცე, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდის ექსპოზიცია მოეწყობა; 100 კვ/მ ეთმობა ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდსაცავს, სადაც დაცულია თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი, მათ შორის მიკროკლიმატი - ჰაერის კონდიციონირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ფილტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ასევე, რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო სამკითხველო და საოფისე ფართი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის 47 თანამშრომელი განთავსდა. ამჟამად, მიმდინარეობს ტენდერი შენობის მე-2-მე-6 სართულების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტის სატენდერო ღირებულებაა 10 008 826 ლარი. შედეგად, უკვე 2024 წლისათვის, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ჩვენ მივიღებთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგამოფენო სივრცეს, ფონდსაცავს, საოფისე ფართსა და, როგორც უკვე აღინიშნა, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორიას.

 

 

  1. დღეს არსდება კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო - საუკეთესო მუზეუმელი. მოცემული ინიციატივა ეკუთვნით სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, მოადგილეს თეონა ჯაყელს, სსიპ ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორს გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს ნინო ჭიპაშვილს. ჩვენ ვიმსჯელეთ და სამინისტროს მიერ ეს ინიციატივა იქნა გაზიარებული. შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩატარდება მუზეუმელთა ასამბლეა, სადაც სამი საუკეთესო მუზეუმელი დაჯილდოვდება. უწყებრივი ჯილდოს მიზანია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების თანამშრომელთა მიერ სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილის აღიარება-დაფასება, თანამშრომელთა წახალისება, მოტივაციის გაძლიერება და სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობათა შესრულების ხარისხის გაუმჯობესება. უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) სამუზეუმო საქმიანობასა და შესაბამისი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის/ღვაწლისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის; ბ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.

 

 

  1. მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ე.წ. ღია ცის ქვეშ მუზეუმი) სტუმრობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მუზეუმის სამგზავრო ავტობუსით, რომელიც კუს ტბის ასასვლელიდან ივლის ყოველ 30 წუთში ერთხელ, ყოველდღე 09:00-დან 20:00 საათამდე, რაც თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად მოხვედრის საშუალებას მისცემს. დღეისათვის, ღია ცის ქვეშ მუზეუმს მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ემსახურება, რაც მუზეუმში მოხვედრის მსურველებს უქმნის ბარიერს, რათა ისარგებლონ თბილისში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცით, როგორც მუზეუმის დასათვალიერებლად, ისე სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. ავტობუსი მხოლოდ მუზეუმის სტუმრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

  1. ქართული კულტურის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვისმინე რა, ასევე, არაერთი ხელოვანისა და პროფესიონალის მოსაზრება და მოთხოვნა, დღეს გაცნობებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გულისხმობს ჩვენს სისტემაში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნას. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი შენობა მოძიებულია. დღეიდან ვიწყებთ კონცეფციის სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებასა და ექსპონატების შეგროვებას. ყოველივე ამას დასჭირდება დრო, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

 

თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მუზეუმის თანამშრომლებს სამუზეუმო-სამეცნიერო სფეროს განვითარებაში ყოველდღიური შრომით შეტანილი დიდი წვლილისთვის.

 

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ის 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღეს 150 ქვეყნის მუზეუმებში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. 2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების ძალა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner