logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება
- +

18 მაისი. 2022. 19:23

 

 

ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს - მიმდინარე წლის 21 მაისიდან, ტაშკენტი - ბათუმი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება დაიწყება. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

 

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-ით, ხოლო გასული წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, ბათუმის აეროპორტიდან უზბეკური ავიაკომპანიის ოპერირებით რეისების შესრულება ამ დინამიკას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner