სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.
საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს.