logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: დგება დრო, როდესაც თბილისმა კვლავ უნდა შვას ნამდვილი ხელოვნება
- +

14 აგვისტო. 2016. 21:12


კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ კოკოჩაშვილი თბილისის შესახებ: თბილისი მშობელივითაა... აქ დავიბადე, გავიზარდე, ვსაწვლობდი, ვმუშაობ, ვცხოვრობ... ყველაფერი აქ კეთდებოდა ჩემთვის და ამიტომაა მშობლიური, მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება. დღეს თბილისი ოჯახივით ქალაქი აღარ არის. ძველად, შენი პატარა ქუჩა, ძალიან ახლობელი იყო შენთვის. კლასში 24 ბავშვი ვიყავით, ქვსნიღა შემოვრჩით. აღარ არიან ადამიანები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის. დრო ყველაფერს ცვლის, ურთიერთობებს, დამოკიდებულებას ცვლის...


ჩემს ახალგაზრდობაში მსგავსი კომუნიკაციის ხანა, დღეს რომაა, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ მეტი პირადი ურთიერთობები გვქონდა. დღეს, თითქოს, კიდევ მეტი პირადი ურთიერთობაა, მაგრამ ეს ისეთი მექანიკურია, რომ ვერაფრით ვეგუები. მთაწმინდაზე, იმ ადგილას, სადაც მე ვცხოვრობდი, ჭერმის დიდი ხე იდგა. ომის პერიოდი იყო, საჭმელი ჭირდა და ზაფხული რომ დგებოდა, ამ ხეზე ავძვრებოდი ხოლმე, ნახევრად მწიფე ჭერმისთვის. ამ დროს მთელი ეზო გამოვიდოდა და მეძახდა - მერაბ, რას აკეთებ, ჩამოვარდებიო. ახლა მე-5 სართულიდან რომგადმოდგე, თუ არ დაიძახე, თავს ვიკლავო, კაციშვილი არ მოგაქცევს ყურადღებას. ერთია კიდევ. დღეს, ქუჩაში რომ დავდივარ, მეჩვენება, რომ მარტო ვარ.


სულიკო ჟღენტს უთქვამს: „უცნაური ხანა დადგა, ხალხების დაახლოების და ადამიანების დაშორების ხანაო". სწორედ ესაა პარადოქსი. ინფორმატიული სიახლოვეა და არა ადამიანური. ვფიქრობ, თუკი ამ თემაზე ფილმს გადაიღებს ვინმე, ან სპექტაკლს დადგამს, 50-60-70-იან წლებში რომ იღებდნენ და დგამდნენ ჩვენთან, იმავე წუთში ეს საკაცობრიო პრობლემად გადაიქცევა. ნამდვილი ხელოვნება ასეთია, გარემოს ზემოქმედება ხელოვანში გრძნობად უნდა გადაიქცეს. ხელოვნება არ არის ინფორმაცია. ხელოვნების განცდა მსმენელს, მკითხველს თუ მაყურებელს აზროვნებას აწყებინებს და ეს აზროვნება გაცილებით ფართოა, ვიდრე ინფორმატიკა.


რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალაქის შეგრძნებას? ბოლოს და ბოლოს, გალაკტიონი სოფლიდან იყო. მთავარია, ღრმა, საკაცობრიო განცდა არსებობდეს. ახლა ისეთ ზღვარზე ვართ, რომ, მგონია, აუცილებლად გაჩნდება ხელოვნებაში ის, რაც უნდა გაჩნდეს. ახლა დგება დრო, როდესაც თბილისმა კვლავ უნდა შვას ნამდვილი ხელოვნება.


ყოველდღე მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან, კინემატოგრაფისტებთან და ერთად ვცდილობთ, მოვნახოთ გზები, თუმცა ამას სახელმწიფოსგან სჭირდება მხარდაჭერა, მხარდაჭერის სურვილი... არადა ხელოვნებაა ის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დააშენო ყველაფერი. ხელოვნებას ყველაზე უკეთ შეუძლია, ქვეყანა წინ წასწიოს.


დღევანდელ თბილისში მომწონს ის, რომ ადამიანი თავისუფალია და ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად ვიაზროვნოთ.


ძალიან არ მომწონს კანონები, რომლებიც ადამიანებს უტოვებს იმის საშუალებას, რომ თავისუფლება უკანონობაში გადავიდეს და გადაიქცეს უკულტურო დაპირსპირებად, სადაც ჭეშმარიტება არასოდეს იბადება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner