“გუშინ არ დამიწყია მინისტრის პოზიციაზე მუშაობა. 10 წელი შესრულდება წელს, 1-ელ ოქტომბერს, როდესაც განუწყვეტლად ეს თანამდებობა მიკავია და ძალიან ბევრი ფაქტი, შეხვედრა და შემთხვევა მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, შეურაცხყოფდა მთავრობას და ეუბნებოდა: „შენ არ იცი, მე ვიცი“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ საუბარია უცხოელი პოლიტიკოსების მცირე ჯგუფზე, რომლებიც ქვეყნისა და მთავრობის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შემდეგ კი ამბობენ, რომ საქართველო უყვართ.
„ხანდახან იმაზეც მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ, უცხოელების ეს პატარა ჯგუფი რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავეები, იმიტომ რომ 2020-2021 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა: „იცი რა, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან-ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, პატარა გოგოებით დაწყებული დიდი კაცებით დამთავრებული და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ რომ სუვერენულ სახელმწიფოს ელაპარაკებით“. უცხოელების პატარა ჯგუფია, 10-11 კაცია, მეტი არა. რაღაცას ეტყვი და ცოტა დამშვიდდებიან, არ კადრულობენ უკადრებელს. და მერე გამოვა მაგალითად ქალბატონი ფოტიგა (ამ ჯგუფში მოვიაზრებ მას) როცა რამეს უსაყვედურებ და იტყვის: „არა, მე მიყვარს საქართველო“. გააჩნია საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის. საქართველო პირველ რიგში არის ერი, რომელსაც პატივი უნდა სცე. რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს ჩემი შეფასებები, ვფიქრობ, რომ ეს სათქმელია“, - განაცხადა წულუკიანმა.